E ISSN 2587-5396

14/01/2017 By yatage

წარსული-აწმყო-მომავალი – ნატო-თურქეთის ურთიერთობები

უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეცვალა მდგომარეობა არა მარტო ევროპის პოლიტიკურ ასპარეზზე, არამედ ზოგადად მსოფლიოში. გაჩნდა მრავალი ახალი საფრთხე და დაპირისპირების კერა,  შესაბამისად უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო  თანამშრომლობასა და ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მსოფლიოში.საკამათო არაა, რომ ნატოს როლი შეუცვლელია მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ნატო ძლიერია იმდენად, რამდენადაც მყარი და ქმედითია კავშირები მასა და  მის წევრ სახელმწიფოებს შორის და რა სარგებლობას იღებს ორგანიზაცია ამ ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სანაცვლოდ. საინტრესო იქნება მიმოვიხილოთ ნატოსა და მისი ერთ–ერთი ყველზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წევრის, თურქეთის, ურთეიერთობა ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით და შევადაროთ მანამდე არსებულ ვითარებას.

ნატოს პირველი გაფართოება

ნატოს გაფართოებაზე, არსებობდა განსხვავებული შეხედულებები წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა შორის.  ბევრი არ იყო დარწმუნებული, რომ გაფართოება სასურველ შედეგს მოიტანდა,  ზოგიერთი შიშობდა, თუ როგორ გავლენას მოახდენდა ახალი წევრების მიღება ალიანსის კავშირებსა და სოლიდარობაზე.  1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე შემუშავდა  გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (Membership Action Plan- MAP), რომელიც უნდა დახმარებოდა წევრობის მსურველ ქვეყნებს შეერთებოდნენ ნატოს.  ამით ნატოში გაწევრიანების პროცედურა რამდენადმე გართულდა და სახელმწიფოებს დაუწესდათ გარკვეული სტანდარტი, რათა  მათ შეძლონ და  გახდნენ ალიანსის წევრნი. თუმცა, აღნიშნული ეხება მხოლოდ ცივი ომის შემდგომ პერიოდს, როცა დადგა საკითხი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ალიანსში მიღებასთან დაკავშირებით. მანამდე ნატოს გაფართოება მხოლოდ ალიანსის სტრატეგიულ ინტერესებს უკავშირდებოდა[1].

ნატო 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა და დამფუძნებელთა მიზანს წარმოადგენდა ბრძოლა  წითელ საფრთხესთან. ნატოს რეალობაში  უნდა განეხორცილებინა  გაეროს წესდებით გარანტირებული უფლება, ქვეყანათა მიერ ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის შესახებ.  „რკინის ფარდის“ ორივე მხარე გეგმავდა სტრატეგიას და არჩევდა მოკავშირეებს. ნატოს მესვეურებმა  საბჭოთა კავშირიდან მომდინარე საფრხეს განარიდეს თურქეთი და საბერძნეთი და პირველი გაფართოებისას, 1952 წლის 18 თებერვალს, ალიანსში მიიღეს.

თურქეთი, როგორც სტრატეგიული მოკავშრე ნატოსთვის მნიშვნელოვანი იყო ,რამდენადაც ეს ქვეყანა წარმოადგენს ევროპა-აზიის მაკავშირებელს. იმ დროისათვის იგი ესაზღვრებოდა როგორც საბჭოთა კავშირის, ისე ევროპის კაპიტალისტურ სახელმწიფოებს, შესაბამისად ნატოს დიდ საფრთხეს უქადდა თურქეთის მოქცევა საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ. თურქეთმა მიიღო მარშალის გეგმით გათვალისწინებული ინვესტიციები და მისი მოკავშირედ ქცევის შემდგომი საფეხური, ალიანსში მიღებაც, წარმატებით განხორციელდა[2].

საინტერესოა, ამ ნაჩქარევი მოკავშირეობით რა ზიანი ან სარგებელი მიადგა ალიანსს, რომელმაც თურქეთი მხოლოდ იმიტომ მიიღო წევრად, რომ ამ ქვეყნის რესურსები მოწინააღმდეგეს არ ჩავარდნოდა ხელთ. აღსანიშნავია, რომ თურქეთი არის ერთადერთი ქვეყანა ნატოში აზიური საწყისებით, დასავლურ ევროპული კულტურისაგან განსხვავებული ტრადიციებითა და კანონმდებლობით. ნატოში მისი მიღება ამართლებდა იმ რისკს რაც გასწია ნატომ  ცივი ომის ეპოქაში, მაგრამ საკამათოა ამ კავშირის სიმყარე მაშინ, როცა აღარ არსებობს „რკინის ფარდა“.

თურქეთი ნატოს მისიებში

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით გაწევრიანების დღიდანვე ნატო ასრულებს მთავარ როლს ქვეყნის უსაფრთხოების შენარჩუნებისა და ევროსტრუქტურებისკენ გზის გაკვლევის საქმეში. ამის სანაცვლოდ, თურქეთი პირნათლად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.  მინისტრის აპარატისვე განმარტებით, ნატოს განვითარებასთან ერთად, ვითარდებიან მისი მოკავშირეებიც და ერგებიან  შეცვლილ გარემოს.  ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ საწვრთნელი ბაზების შექმნასა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პირების ტრენინგებში, ასევე ეხმარება ნატოს თავის მისიებში და პირობას დებს, რომ განაგრძობს ამავე გზით სვლას[3].

იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, თურქეთს ყველაზე დიდი შეიარაღებული ძალები ჰყავს ნატოში, გასაკვირი არაა, რომ ეს ქვეყანა  აქტიურად მონაწილეობს ალიანსის მისიებში. იგი მონაწილეობდა ნატოს ოპერაციებში კოსოვოში, სადაც ორგანიზაცია დღემდე ტოვებს თავის სამხედროებს.  თურქეთი ჩართული იყო  ნატოს ერაყის მისიაში 2004-2011 წლებში, ასევე გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავად ლიბიის კონფლიქტის დროსაც, 2011 წელს. აუცილებლად აღსანიშნავია ISAF–ის მისია ავღანეთში, სადაც დიდი როლი ენიჭება როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოების, ისე პარტნიორების მონაწილეობას. როგორც ცნობილია,  ავღანეთი დაყოფილია ალიანსის წევრი ქვეყნების კონტოლირებად სექტორებად. საფრანგეთთან ერთად, თურქეთი მეთვალყურეობას უწევს  ავღანეთის მთელ ტერიტორიას ქაბულის ჩათვლით[4].

ექსპერტები ყოველთვის აღნიშნავენ თურქეთის როლს ავღანეთში.  მათი თქმით, იგი  ერთადერთია რომელიც ავღანეთის გადარჩენაში მეორედ მონაწილეობს. ჯერ კიდევ მუსტაფა ქემალ ათათურქის პერიოდში, 1920–იანი წლების ბოლოს, თურქეთის ჯარები ეხმარებოდნენ ავღანელებს სახელმწიფო შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბებაში. ბევრი ავღანური სამხედრო ტერმინი თურქული წარმოშობისაა. თურქი ოფიცრები უკვე მეორედ მონაწილეობენ ავღანელების წვრთნაში. ამასთანავე მათ ყველაზე მეტი გამოცდილება აქვთ ტერორიზმთან ბრძოლაში. ადგილობივი მოსახლეობა თურქებს მეტ პატივს სცემს და მათთან მეტად თანამშრომლობს, რადგან სამხედროები, ადგილობრივებისადმი პატივისცემის ნიშნად, მანქანების გარეშე მოძრაობენ და არ აცვიათ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, რაც ხშირად სიცოცხლის ფასადაც  უჯდებათ. თურქები ამცირებენ ნეგატიურ ეფექტს  და ეხმარებიან ალიანსის წევრებს მოიპოვონ ადგილობრივების ნდობა[5].

თურქეთი დღესაც აქტიურად მონაწილეობს ნატოს მისიებში, იბრძვის ISIS–ის წიანააღმდეგ და აზიაში ნატოს პლაცდარმია ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. ასევე შეუცვლელია მისი როლი ხმელთაშუა  ზღვის პატრულირებისას მიგრანტების ნაკადების კონტროლსა და, ხშირ შემთხვევაში, გადარჩენაში[6].

თურქეთი ალიანსის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური წევრია, თუმცა მისიებში მონაწილეობასთან ერთად  ყველაზე ხშირად ის საჭიროებს სამხედრო დახმარებას. ჯერ კიდევ 90–იან წლებში, სპარსეთის ყურის კრიზისის დროს, თურქეთმა ითხოვა ირანისაგან მომდინარე საფრთხისაგან დაცვა, 2003 წელს კი მხარდაჭერა ერაყის ომისას უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ამასთანავე, 2012 წელს სირიის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, თურქული მზვერავის ჩამოგდებისა და 5 სამოქალქო პირის მკვლელობის  შემდგომ,  2013 წლის ბოლომდე,  ნატომ განათავსა საავიაციო სამხედრო ბაზა თურქეთის სამ პროვინციაში : გერმანიამ–კაჰრამანმარაში, ნიდერლანდებმა –ადანაში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  კი – გაზიანტებში. და ბოლოს, ქვეყანამ ნატოსგან დახმარება 2014 წელს მიიღო, სირიის მხრიდან განხორციელებული მცირემასშტაბიანი შემოტევის პერიოდში.

სამხედრო მისიების გარდა ნატო ეხმარება თურქეთს სტიქიური უბედურებების, მათ შორის, უკანასკნელ პერიოდში მომხდარი მიწისძვრის დროს[7].

ნატო თურქეთის ურთიერთობა უკანასკნელ პერიოდში მომხდარი მოვლენების ფონზე

2015 წლის ნოემბერში რუსული მზვერავის ჩამოგდებამ  სირია–თურქეთის საზღვართან,  თურქეთ-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია. ამან, რა თქმა უნდა, გარკვეული გავლენა მოახდინა ნატო–რუსეთის ისედაც გართულებულ

ურთიერთობებზე. ზემოთხსენებულ ინციდენტს, ასევე მიემატა 2016 წლის 15 ივლისს ერდოღანის რეჟიმის მოწინააღმდეგების მიერ  გადატრიალების მცდელობა, რომელიც მარცხით დასრულდა, მაგრამ მძიმე შედეგები მოჰყვა მის ხანგრძლივობასთან  შედარებით.  300–მდე ადამიანი გარდაიცვალა, 2100 დაშავდა, ამასთანავე დაზიანდა მთავრობისა და პარლამენტის შენობები ანკარაში.  ამბოხების მიზეზებად აცხადებდნენ ერდოღანის მიერ ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევას, დემოკრატიული კანონების გაუქმებასა და თურქეთის რეპუტაციის შელახვას საერთაშორისო ასპარეზზე, თუმცა ამბოხების შედეგებმა უფრო დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე[8].

ამ ინციდენტის შემდეგ ნატოში ფიქრობენ, რომ ნატო-თურქეთის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს.  დღემდე ამ ქვეყნის სტატუსი ალიანსში ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ცალსახაა გარედან მომავალი უარყოფითი დამოკიდებულება. ნატომ ბერჯერ დააფიქსირა თავისი პოზიცია თურქეთთან მიმართებაში, ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.  ჯონ კერი აცხადებდა,  რომ გადატრიალების შედეგები შესაძლოა თურქეთს ნატოს წევრობად დაუჯდეს, რადგანაც ნატოს ერთ -ერთი მოთხოვნა სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტების პატვისცემაა ქვეყანაში. 2016 წლის 8 სექტემბერს, გადატრიალების მცდელობის შემდეგ, პირველი ვიზიტის დროს, იანს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ თურქეთი ისევ ითვლება ნატოს სტრატეგიულ პარტნიორად, რომელიც ალიანსის დასაყრდენია შუა აღმოსავლეთში. ამასთანავე დასამახსოვრებელია, რომ თურქული არმია ერთ–ერთი ყველაზე ძლიერია და თურქეთის სამხრეთით განლაგებული  ინსირლიკის ბაზა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია ISIL–თან ბრძოლაში. ნატოს თურქეთი სჭირდება და ეს ფაქტია[9].

15 ივლისის გადატრიალების მცდელობამ დიდი გავლენა იქონია არა მხოლოდ თურქეთზე, არამედ ზოგადად ნატოზეც. ალიანსის რამდენიმე დადასტურება, რომ თურქეთი რჩება მის პარტნიორად ყველაზე მეტად მიუთითებს იმაზე, რომ განიხილება ქვეყნის მიერ ალიანსის დატოვების საკითხიც. თურქეთს ასევე გართულებული ურთიერთობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მისი ბრალდებით  აშშ მფარველობას უწევს ფეტულა გულენს, გადატრიალების სავარაუდო ორგანიზატორს. თურქეთი, თავის მხრივ, აწარმოებს ომს ქურთებთან, რაც კიდევ ერთი პრობლემაა ნატოსთვის, თავად ალიანსისა და ქვეყნის რუსეთთან გართულებული ურთიერთობების ფონზე.

მეორეს მხრივ, თურქეთი უკმაყოფილოა ნატოს პოზიციით გადატრიალების შემდგომ. როგორც აღმოჩნდა, ქვეყანა მოელოდა, რომ ნატო მას მხარს დაუჭერდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თურქი ერი აღარ ენდობა ნატოს, მათი აზრით, ნატომ და აშშ -მ იცოდნენ რა ხდებოდა ქვეყანაში და რა საფრთხის წინაშე იდგა თურქეთი. ახლა კი ალიანსმა უნდა გაატაროს ქმედითი

ნაბიჯები, რათა აღდგეს უწინდელი ურთიერთობა. მაშინ როცა ნატომ შორს დაიჭირა თავი თურქეთში განვითარებული მოვლენებისაგან, ქვეყანაში ეს აღიქვეს, როგორც მხარდაჭერის გამოუცხადებლობა. ამასთანავე ერდოღანის ხელისუფლება დამარცხებული აჯანყების თემას იყენებს როგორც საშუალებას, თავისი ძალაუფლების გასაზრდელად. ანტიდასავლური მედიისაგან ისმის ნატოს საწინააღმდეგო მოსაზრებები, მათ შორის არის ფორმულირება, რომ ნატო ისლამის მტერია[10].

2016 წლის  8 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში, თურქეთის  პრემიერ მინისტრი, რესეპ ტაიპ ერდოღანი, ბოდიშს იხდის რუსული მზვერავის ჩამოგდებაზე და რუსეთ–თურქეთის ურთიერთობების აღდგენას ემხრობა.  გადატრიალების მცდელობის შემდგომ აშკარაა თურქეთის აზიისკენ შებრუნება. ირანმა, თურქეთმა და რუსეთმა, ნატოსა და აშშ–ს გარეშე, გააფორმეს შეთანხმება სირიაში მშვიდობის დასამყარებლად, თუმცა თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობამ ურთიერთობები ისევ არია[11].  ამ ფაქტს აფასებენ როგორც პროვოკაციას, რუსეთ-თურქეთის როგორღაც მოგვარებული ურთერთობების გაუარესების მიზნით და იმედს იტოვებენ, რომ მიზანი მიღწეული ვერ იქნება[12].

დასკვნა

ამრიგად, როგორც წინადებარე მიმოხილვიდან ირკვევა, საწყის ეტაპზე, ნატოსთვის თურქეთი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორს საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად და ამ ქვეყნის ინტერესებშიც შედიოდა ნატოს წევრობა. ცივი ომის დასრულების შემდგომ, თურქეთი ისევე, როგორც ალიანსის სხვა წევრები გადაერთნენ შედარებით უფრო პოლიტიკურ საქმიანობაზე. თურქეთი აქტიურად იყო ჩართული ნატოს მისიებში , მათ შორის, ავღანეთში.

უკანასკნელ პერიოდში, სირიის სამოქალაქო ომისა და ისლამური სახელმწიფოს გაძლიერების ფონზე, გეოგრაფიული მდებარეობისა და ტერორიზმთან ბრძოლის დიდი გამოცდილების გამო, იგი ისევ შეუცვლელი სტრატეგიული პარტნიორი გახდა, თუმცა პოლიტიკურმა პროცესებმა, თურქეთ-რუსეთის  და ამერიკა -თურქეთის ურთიერთობებმა, ასევე გადატრიალების მცდელობამ ქვეყანაში და ნატოს მიმართ განწყობის შეცვლამ დასვა საკითხი თურქეთის ნატოდან გარიცხვის შესახებ. ამ მოვლენებს დაემატა თურქეთის ომი ქურთ სეპარატისტებთან და რუსეთის ელჩის მკვლეობა ანკარაში.

ყველაფრისდა მიუხედავად, იანს სტოლტენბერგმა გარკვევით განმარტა, რომ თურქეთი ნატოს სჭირდება.

გამოყენებული ლიტერატურა

  • atherine E. Shoichet, N. T. (2016, 12 20). cnn.com. Retrieved from http://edition.cnn.com/2016/12/19/europe/turkey-russian-ambassador-shot/
  • http://www.nato.int. (2013, 02 19). Retrieved from http://www.nato.int/cps/en/natohq/topics_92555.htm
  • http://www.reuters.com/. (2016, 10 27). Retrieved from http://www.reuters.com/article/us-europe-migrants-nato-turkey-idUSKCN12R1A8
  • http://www.washingtoninstitute.org/. (2005, 11 18). Retrieved from http://www.washingtoninstitute.org/policy-analysis/view/the-isaf-mission-and-turkeys-role-in-rebuilding-the-afghan-state
  • Taylor, A. (2016, 07 19). washingtonpost.com. Retrieved from https://www.washingtonpost.com/news/worldviews/wp/2016/07/19/turkeys-increasingly-complicated-relationship-with-nato/?utm_term=.1a4720501320
  • Vernile, A. (2016, 10 20). com. Retrieved from http://mediterraneanaffairs.com/post-coup-turkey-nato-relations/
  • nytimes.com. (2016, 12 20). Retrieved from http://www.nytimes.com/2016/12/20/opinion/russia-turkey-and-an-assassination.html?_r=2
  • eu-nato.gov.ge. (n.d.). Retrieved from http://www.eu-nato.gov.ge/ge/nato/about
  • mfa.gov.tr. (n.d.). Retrieved from http://www.mfa.gov.tr/nato.en.mfa
  • wikipedia.org. (n.d.). Retrieved from https://en.wikipedia.org/wiki/Turkey

[1] http://www.eu-nato.gov.ge/ge/nato/about

[2] https://en.wikipedia.org/wiki/Turkey

[3] http://www.mfa.gov.tr/nato.en.mfa

[4] http://www.washingtoninstitute.org/policy-analysis/view/the-isaf-mission-and-turkeys-role-in-rebuilding-the-afghan-state

[5]  http://www.washingtoninstitute.org/policy-analysis/view/the-isaf-mission-and-turkeys-role-in-rebuilding-the-afghan-state

[6] http://www.reuters.com/article/us-europe-migrants-nato-turkey-idUSKCN12R1A8

[7] http://www.nato.int/cps/en/natohq/topics_92555.htm

[8] https://www.washingtonpost.com/news/worldviews/wp/2016/07/19/turkeys-increasingly-complicated-relationship-with-nato/?utm_term=.1a4720501320

[9] http://mediterraneanaffairs.com/post-coup-turkey-nato-relations/

[10] http://www.al-monitor.com/pulse/originals/2016/07/turkey-united-states-nato-coup-attempt.html

[11] http://edition.cnn.com/2016/12/19/europe/turkey-russian-ambassador-shot/

[12] http://www.nytimes.com/2016/12/20/opinion/russia-turkey-and-an-assassination.html?_r=0urope/turkey-russian-ambassador-shot/

ავტორი: ანა თაბაგარი

რედაქტორი: ზინა შატაკიშვილი
                              თამუნა ჯიბუტი