E ISSN 2587-5396

25/12/2016 By yatage

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები და მისი გავლენა ნატოსთან ურთიერთობებზე

ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფორმირება დამოკიდებულია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ მოვლენებსა და  საერთაშორისო გარემოზე, იქნება ეს გლობალური თუ რეგიონალური მასშტაბით. ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესია სახელისუფლებო არჩევნები, რომელიც საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს შეაფასოს გასული წლების საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, მხარი დაუჭიროს წინა ხელისუფლების კურსს ან აირჩიოს ქვეყნისგანვითარების ახალი გზა. ხელისუფლების ცვლილების პარალელურად იცვლება როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. აშშ ნატოს ერთ-ერთი უძლიერესი პარტნიორია, რომლის კონტრიბუცია სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე დიდია. შესაბამისად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა, განსაკუთრებით კი რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის,  იზოლაციონისტური კომენტარების შემდეგ, რამაც  ნატოს კოლექტიური თავდაცვის პრინციპი, ვაშინგტონის ხელშეკრულების მუხლი N5 – „ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა, აღიქმება როგორც თავდასხმა ყველა მოკავშირეზე“[1] – გარკვეულწილად ეჭვქვეშ დააყენა.

აშშ-ს ახალი პრეზიდენტი წევრი სახელმწიფოების მხრიდან აღებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, რომელიმე მათგანზე თავდასხმის შემთხვევაში ამერიკა იმისდა მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას  „გადაიხადა თუ არა  ამ უკანასკნელმა გადასახადები“.  იმ ქვეყნებს კი, რომლებიც პატიოსნად ასრულებენ ვალდებულებებს, ყოველთვის შეუძლიათ ჰქონდეთ აშშ-ს დახმარების იმედი[2].

არსებობის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ნატომ პირველად 2002 წელს მოითხოვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან თავდაცვისათვის განკუთვნილი ხარჯების GDP-ის 2 %-მდე გაზრდა[3], რაც სრულიად ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს, კიბერ ომს, რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, ისლამური სახელმწიფოსაგან მომდინარე საფრთხეებსა თუ არეულობებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ბოლო მონაცემებით თავდაცვაზე აშშ-ს მიერ გაწეული ხარჯბი აღემატება ალიანსის დანარჩენი ქვეყნების კონტრიბუციას მთლიანობაში. კეთილსინდისიერი გადამხდელების სიაში, ასევე, მოხვდნენ : დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, პოლონეთი და საბერძნეთი. დანარჩენი ქვეყნები კი საფრთხის შემთხვევაში შესაძლებელია აშშ-ს დახმარების გარეშე დარჩნენ და მარტოს მოუწიოთ საკუთარი ინტერესების დაცვა. მათ შორისაა ისეთი ძლიერი ევროპული სახელმწიფოები, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია. ისლანდია კი, რომელსაც საერთოდ არ ჰყავს არმია,  GDP-ს მხოლოდ 0.1 %-ს ხარჯავს თავდაცვაზე, რაც არათუ ახალ, არამედ წინა წლების მოთხოვნასაც ბევრად ჩამოუვარდება[4].

დონალდ ტრამპის განცხადებები დასაფიქრებელია, მაგრამ არც ისე შემაშფოთებელია.  მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ალბათ მოხდება აშშ-ს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის კორექტირება, თუმცა რადიკალურ ცვლილებები მოსალოდნელი არაა. პირველ რიგში ამერიკული მმართველობითი სისტემის თავისებურების გამო. საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები სხვადასხვა ინსტანციებს შორის შეთანხმების საფუძველზე ყალიბდება და არა – ერთპიროვნული გადაწყვეტილების შედეგად. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაძლოა ამერიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს, მაგრამ აშშ-ს ოფიციალური პირების უმეტესობა ისევ იმავე პოლიტიკურ მიზნებს იზიარებენ.

მიუხედავად დონალდ ტრამპის კრიტიკული შეფასებებისა, მისი და ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიდგომები საგარეო ურთიერთობებთან მიმართებით ბევრ რამეში ემთხვევა ერთმანეთს. დასაწყისისთვის ორივე მათგანმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მათი მიზანია  ამერიკის შეერთებული შტატები დარჩეს დომინანტ სამხედრო ძალად მსოფლიოში. ამას ადასტურებს ობამას ადმინისტრაციის თანამდებობის პირების განცხადებები, რომლებსაც დონალდ ტრამპიც იზიარებს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა: “ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ აშშ-ს სამხედრო ძლიერება უპირობო იყოს მთელს მსოფლიოში“. მისთვის აშშ-ს ინტერესები ყველაზე მაღალი პრიორიტეტის მქონეა და მხოლოდ იმ პროცესებში მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც მის ქვეყანას დადებით შედეგებს მოუტანს. ობამა ამგვარი  სლოგანებით არ გამოირჩეოდა, თუმცა არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური კურსი ეფუძნებოდა პრინციპს: „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“[5].

გლობალური პოლიტიკურ სისტემაში მსოფლიო ლიდერობის ცნება გარკვეულწილად შეიცვალა. მსოფლიოში, სადაც ნებისმიერი ტიპის ურთიერთოიბები კომპლექსური გახდა,  შეუძლებელია იზოლაციონისტური პოლიტიკით წამყვანი პოზიციების დაკავება სამხედრო თუ ეკონომიკური ძლიერებისდა მიუხედავად. ამიტომაც, სამომავლოდ აშშ-ს საგარეო ურთიერთიობებში, მათ შორის ნატოსთან დაკავშირებით, რადიკალურ ცვლილებები არაა მოსალოდნელი. ამერიკა ლიდერია სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა სანდო მოკავშირის გარეშე გაუჭირდება პოზიციების შენარჩუნება. ასე რომ, ევროპას სჭირდება ამერიკის დახმარება, თუმცა ამერიკისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული მხარდაჭერა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოლექტიური თავდაცვის ზემოთ ხსენებული მე-5 მუხლი პირველად ნატოს არსებობის ისტორიაში სწორედ აშშ-ს დასაცავად ამოქმედდა 2001 წლის 9 სექტემბრის ტერაქტის დროს[6]. ამას  ავღანეთში ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა, რომელშიც ათასობით ევროპელი იყო ჩართული,  1000-ზე მეტი ჯარისკაცი კი ოპერაციების დროს დაიღუპა[7]. აღნიშნული ფაქტი გარკვეულ ვალდებულებებს წარმოშობს ამერიკული მხარისათვის.

რაც შეეხება თავდაცვისთვის განკუთვნილი ხარჯების ზრდას, ევროპისათვის ეს სიახლეს არ წარმოადგენს და არც დონალდ ტრამპია ერთადერთი ამერიკელი, რომელიც ამ  საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან, დიდი შანსია, რომ ევროპული ქვეყნებიც შეეცდებიან შეიმუშავონ პოლიტიკა თავდაცვისათვის აუცილებელი ხარჯების გაზრდის მიზნით.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ნატოსა და ამერიკის მომავალი ურთიერთობები შესაძლოა უფრო მეტად პრაგმატული გახდეს, თუმცა ფუნდამენტური ცვლილებების წინაპირობა ამ ეტაპზე არ იკვეთება.

ავტორი: ზინა შატაკიშვილი

[1] http://www.nato.int/cps/en/natohq/topics_110496.htm

[2] http://www.nytimes.com/2016/07/22/us/politics/donald-trump-foreign-policy-interview.html?mwrsm=Email&_r=0

[3]  http://time.com/4569578/donald-trump-nato-alliance-europe-afghanistan/

[4] http://money.cnn.com/2016/07/08/news/nato-summit-spending-countries/

[5]  https://lobelog.com/obama-trump-and-the-future-of-u-s-foreign-policy/

[6] http://www.nato.int/cps/en/natohq/topics_110496.htm

[7] http://icasualties.org/OEF/