23/12/2016 By yatage
ვის ინტერესებს იცავენ სირიაში?
2011 წელს სირიაში დაწყებული დაპირისპირება ოპოზიციურ ძალებსა და ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას შორის ფართომასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა. 2016 წლის აპრილში გაეროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად 400000 -მდე სამოქალქო და სამხედრო პირია დაღუპული,[1] 4 მილიონამდე ადამიანი კი ქვეყნის ძნელად მისადგომ რეგიონებში რჩება, სადაც სამედიცინო დახმარებისა და საკვების მიწოდება შეუძლებელია[2]. ზუსტი ინფორმაცია უცნობია, თუმცა 2016 წლის 13 დეკემბერს, ამბოხებულთა ქალაქ ალეპოზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ოპერაციები სირიაში ძირითადად ერთი კონკრეტული გეოგრაფიული რეგიონის ფარგლებში მიმდინარეობს, ლოკალურ კონფლიქტად მაინც ვერ ჩაითვლება. დაპირისპირება ოპოზიციასა და ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას შორის დაიწყო, თუმცა მოგვიანებით დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბდნენ ქურთების დაჯგუფება და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“.
გარდა შიდა ძალებისა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უცხოურმა ინტერვენციამ. რუსეთი და ირანი ასადის ხელისუფლებას უჭერენ მხარს. სირიელმა ქურთებმა კი ერაყსა და თურქეთში მცხოვრები თანამოძმეებისაგან მიიღეს დახმარება. თურქეთი, რომელსაც უკე წლებია პრობლემები აქვს მის ტერიტორიაზე მცხოვრებ სეპარატისტულად განწყობილ ქურთულ დიასპორასთან, ცალსახად ოპოზიციასა და ამბოხებულებს ემხრობა.[3]ასევე მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების როლი.
ამ ეტაპზე ევროკავშირი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს და პოლიტიკური ძალის მობილიზებას ცდილობს, რომ აღკვეთოს რუსეთის ქმედებები. 2016 წლის 20 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე ლიდერებმა სირიაში რუსეთის ქმედებები დაგმეს და სანქციების შემოღებაზეც ისაუბრეს.[4] ნატო სიტუაციის გამწვავებას ერიდება და თავს იკავებს კონფლიქტში ჩარევისაგან. მისი წევრი სახელმწიფოები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში გაერთიანდნენ, თუმცა პირდაპირ არაა ჩართული სამხედრო ოპერაციებში.
აქედან გამომდინარე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სირიის ომი უფრო მეტია ვიდრე ბრძოლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. არსებობს კონფლიქტის რამდენიმე მხარე, რომელიც დამოუკიდებლად ცდილობს საკუთარი ინტერესების განხორციელებას, ამ პროცესებს კი მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება. აქტიურად მიდის საუბარი მიგრანტთა კრიზისზე, რომელიც სირიის მეზობელ ქვეყნებსა და ევროპულ სახელმწიფოებს შეეხო.
სირიის კონფლიქტში თავიდანვე აქტიურად ჩაერთო რუსეთი და ასადის ხელისუფლებას მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა. საჰაერო თავდასხმები მოგვიანებით, 2015 წლის 30 სექტემბერს, დაიწყო[5], თუმცა მის მიერ განხორციელებული შეტევების რაოდენობა ორჯერ აღემატება აშშ-სა და მისი მოკავშირეებისას მთლიანობაში. რუსეთი თავის ქმედებებს ტერორიზმთან ბრძოლით ამართლებს, თუმცა სხვადასხვა მონიტორინგის ჯგუფების განცხადებით, 2000-მდე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა რუსულ ბომბებს.[6]
ქვეყნის საერთაშორისო პოლიტიკა, პირველ რიგში, მის საშინაო ინტერესებს ემსახურება. სირიის ომში რუსეთის კონტრიბუციის გათვალისწინებით, ალბათ, მნიშვნელოვანია მისი მიზნების გაგებაც. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, სირიის ომში რუსეთის ჩართვამ უკრაინის მოვლენების გაშუქება გადაფარა[7]. ამასთან, მოსკოვი ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის ერთადერთი პორტის, ტარტუსის, დაცვას ცდილობს. [8]აღნიშნული ობიექტები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან შეინარჩუნა რუსეთმა და, მიუხედავად იმისა, რომ მათი მგომარეობა სავალალოა, რუსეთის ერთადერთი ბაზაა ხმელთაშუა ზღვაში და, ალბათ, გეგმავს სამხედრო ძალების მობილიზებას.
სირია რუსეთის მოკავშირეა ახლო აღმოსავლეთში. რესპუბლიკელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად აღნიშნავდნენ, რომ რუსეთის სამხედრო კამპანია ახლო აღმოსავლეთში პოზიციების გამყარებას ემსახურება[9]. ამასთან, საკუთარი ძალის დემონსტრირებას ცდილობს და სურს დაამტკიცოს, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა მსოფლიოში. აშშ-ს მიერ ერაყსა და ლიბიაში დიქტატორული რეჟიმების დამხობამ რუსეთი რეგიონში მოკავშირეების გარეშე დატოვა, ამიტომ ასადის ხელისუფლებას განიხილავს როგორც ძირითად დასაყრდენს ახლო აღმოსავლეთში[10]. ამასთან, რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს მონოპოლური მდგომარეობა ენერგორესურსების ბაზარზე. დასავლეთ ყატარის გაზსადენის პროექტს ალტერნატიულ ენერგო-წყაროდ განიხილავს, რომელიც საუდის არაბეთის, იორდანიის, სირიისა და თურქეთის გავლით მიაწვდის გაზს ევროპას, რაც ცხადია არ შედის რუსეთის ინტერესებში[11].
როგორც ჩანს, რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში მიზნად ისახავს მოსკოვის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების დაცვას, პოზიციების გამყარებას ახლო აღმოსავლეთში და საკუთარი ძლიერების დემონსტრირებას. ამისათვის არ უშინდება პოლიტიკურად გაუმართლებელი გადაწყვეტილებების მიღებასაც.
საინტერესოა როგორ აისახება მოვლენების განვითარებაზე ანკარაში 2016 წლის 19 დეკემბერს თურქეთში რუსეთის სრულუფლებიანი ელჩის, ანდრეი კარლოვის, მკვლელობა, რომელიც პირდაპირ კავშირშია სირიაში მიმდინარე მოვლენებთან. რუსეთი და თურქეთი სირიის ომში ბარიკადების სხვადახვა მხარეს არიან, თუმცა ალეპოს აღების შემდეგ შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, რომ საშუალება მიეცათ ამბოხებულებისა და სამოქალაქო პირებისათვის დაეტოვებინათ ქალაქი. აღნიშნულმა ინციდენტმა კი შესაძლებელია მოლაპარაკებები ისევ ჩიხში შეიყვანოს. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და რუსეთი მოერიდება მასთან პირდაპირი კონფლიქტის დაწყებას, თუმცა არაა გამორიცხული ქურთულ დაჯგუფებებზე დაყრდნობით შეეცადოს არეულობა შეიტანოს ქვეყანაში.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რუსულმა ინტერვენციამ სირიაში სიტუაციის დასტაბილურების ნაცვლად უფრო მეტად დესტაბილიზაცია შეიტანა. მსხვერპლი მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან დღითი დღე იზრდება და არც კონფლიქტის დასრულებას უჩანს ბოლო. ალბათ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა დასავლური და რუსეთის ძალების გაერთიანება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ყველაზე ექსტრემისტულ ძალას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის მშვიდობას სირიასა და მთელ მსოფლიოში. მანამდე კი ვიმედოვნებთ, რომ მხარეები შეძლებენ მოლაპარაკებას და არ მოხდება სიტუაციის მეტად გამწვავება.
ავტორი: ზინა შატაკიშვილი
[1]http://www.unmultimedia.org/radio/english/2016/04/syria-envoy-claims-400000-have-died-in-syria-conflict/#.WAjaXOB97IUChromeHTML\Shell\Open\Command
[2]http://www.aljazeera.com/news/2016/12/aleppo-161218045722651.html
[4]http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/403006-evrokavshiris-liderebma-siriashi-rusethis-qmedebebi-dagmes.html?ar=A
[5]http://edition.cnn.com/2013/08/27/world/meast/syria-civil-war-fast-facts/
[6]http://edition.cnn.com/2016/03/14/middleeast/syria-aleppo-behind-rebel-lines/index.html
[7]http://www.meforum.org/5876/why-putin-wants-syria
[8]http://edition.cnn.com/2016/02/08/middleeast/syria-aleppo-russia-strategy/
[9]http://nationalinterest.org/feature/what-does-russia-really-want-syria-14375
[10]http://edition.cnn.com/2016/02/08/middleeast/syria-aleppo-russia-strategy/
[11]https://informnapalm.org/en/russia-s-economy-interests-behind-risky-military-move-syria/