E ISSN 2587-5396

16/11/2016 By yatage

მონტენეგრო ნატოში?

img_2273ნატოს გაფართოების პოლიტიკა ბოლო წლებში აქტუალურ საკითხად იქცა. ორგანიზაცია დიდი სიფრთხილით ეკიდება პოტენციური წევრობის კანდიდატებთან  ურთიერთობას და ყურადღებით აკვირდება პარტნიორების სახმედრო და შიდასახელმწიფოებრივ განვითარებას. წევრობის ერთ-ერთი აქტიური მსურველი გახლავთ აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე, ყოფილი იუგოსლავიის ნაწილი, მონტენეგრო (ჩერნოგორია). ალიანსმა 2015 წლის 2 დეკემბერს მონტენეგროს გაწევრიანების პროცესების დაწყება შესთავაზა. 2016 წლის 19 მაისს ხელი მოეწერა „გაწევრიანების პროტოკოლს“. შედეგად, მონტენეგროს Invitee სტატუსი მიანიჭა, რაც ქვეყანას აძლევს უფლებას, დამკვირვებლის ამპლუაში დაესწროს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს და ნატოს ფორმატში წარმართულ სხვა შეხვედრებს (მონტენეგრომ მონაწილეობა მიიღო ვარშავის სამიტში). მას შემდეგ, რაც ოცდარვავე წევრი ქვეყანა მოახდენს ამ პროტოკოლის რატიფიკაციას, მონტენეგროს შეეძლება, შეუერთდეს ვაშინგტონის ხელშეკრულებას და გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.[1] საინტერესოა, რა სარგებელს ნახულობენ მხარეები მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებით და როგორ უყურებს ამ პროცესს  საერთაშორისო საზოგადოება.

მონტენეგრო და ნატო: თანამშრომლობა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობა ნატოსთან დამოუკიდებლობის აღდგენიდან მალევე მოხდა: 2006 წელს ალიანსმა მონტენეგრო მიიწვია მისიაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“, რაზეც იმავე წლის დეკემბერში, რიგის სამიტზე, თანხმობა მიიღო.  მისიის ფარგლებში მონტენეგრომ, ნატოს ეგიდით, დახმარება გაუწია ავღანელ ჯარისკაცებს წვრთნებში, სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდებით. ქვეყანამ თავისი წვლილი შეიტანა აისაფის მისიაში და დღემდე 25 კაციანი დანაყოფი (სამედიცინო პერსონალითურთ) აგრძლებს პოსტ-აისაფის მისიაში მონაწილეობას. გარდა ამისა, მონტენეგროელი მეცნიერები, ალიანსის მიწვევით, მუშაობენ პროგრამა „ნატო: მეცნიერება მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში სხვა მეცნიერების მხარდამხარ ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა თავდაცვითი პოტენციალის გაზრდა, [2]ბუნებრივ კატაკლიზმებთან გამკლავება და ა.შ. მონტენეგროში, ალიანსის გავლენით, შეიქმნა საგანგებო მდგომარეობაზე რეაგირებისა და კოორდინაციის ცენტრი, რაც სამოქალაქო სტაბილურობის სადარაჯოზე დგომის ნათელი მაგალითია. ამას ემატება სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და ქმედითუნარიანობის ზრდისკენ სწრაფვაც, რაც ალიანსის ერთ-ერთი მთავარი პირობაა წევრობისთვის.

რაც შეეხება თანამშრომლობის მთავარ სფეროებს, თავდაცვასა და უსაფრთხოების სექტორს, ამ კუთხით მონტენეგრომ  მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა: 2013 წელს ქვეყანამ თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების განახლებული გეგმა წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვის სისტემის დახვეწას და გაძლიერებას. დღესაც გრძელდება სამხედრო აღჭურვილობისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ინსტიტუტების გაუმჯობესების და ჩრდილოატლანტიკურ სტანდარტებამდე მიყვანის პროცესი. მონტენეგრო აქტიურად მონაწილეობს კიბერ უსაფრთხოების გაძლიერების განხრით ჩატარებულ ღონისძიებებშიც.2

მონტენეგროს თავდაცვის მინისტრის, მილიკა პიანოვიჩ-დურიშიჩის განცხადებით, მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება, როგორც სხვა დასავლეთ ბალკანელებისა, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი იქნება. ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნებიც გამუდმებით აცხადებენ, რომ დასავლური კურსი და ნატო  მონტენეგროს განვითარების და გაძლიერების ერთადერთი გზაა.

აღსანიშნავია, რომ წევრი ქვეყნები, მაგალითად ესტონეთი, დადებითად ახასიათებს მონტენეგროს სწრაფვას და ეხმარება მას სხვადასხვა დარგის განვითარებაში (მაგ. კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოში თანამშრომლობა).3 მონტენეგროს მზაობაზე ნატოში მოსახვედრად მსჯელობენ აშშ-ს სენატშიც მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ობამამ ღიად დაუჭირა მხარი მონტენეგროს და თხოვა სენატს, საფუძვლიანად განეხილათ ეს საკითხი.4

მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგროს თითქმის ნაბიჯი აშორებს ნატოს წევრობამდე, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ნაბიჯზე ქვეყნის საზოგადოება ერთსულოვანი არ არის. ბოლო გამოკითხვებმა ცხადყო, რომ გაწევრიანების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რიცხვებს შორის სხვაობა არცთუ ისე დიდია: 47 პროცენტი ემხრობა, 39 % – წინააღმდეგია.[3] ერთ-ერთ გამოკითხვაში წამოიჭრა ასეთი იდეაც, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი კითხვით – „უნდა იყოს თუ არა მონტენეგრო ნატოს წევრი?“ მომდევნო გამოკითხვამ რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით 60%იანი შედეგი აჩვენა ჩატარების სასარგებლოდ. მაგრამ მთავრობამ ამის საჭიროება ვერ დაინახა და 2016 წლის არჩევნების შედეგმაც, სადაც მმართველმა პრო-დასავლურმა პარტიამ გაიმარჯვა, ნათლად დაანახა მსოფლიოს, რომ ქვეყანა არ შეწყვეტს სვლას ნატოსკენ. ისინი, ვინც აპროტესტებენ დასავლურ კურსს, რა თქმა უნდა, წარმოადგენენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთაც რუსეთთან ახლო თანამშრომლობის სურვილი აქვთ. ერთ-ერთმა პრო-რუსულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ონლაინ-რეფერენდუმი ჩაატარა, რომელშიც ანტი-ალიანსური განწყობა დომინირებდა. არ უნდა დავივიწყოთ მონტენეგროს ეთნიკურად სერბი მოსახლეობის საკმაოდ დიდი წილიც, რომელთაც არანაირი სურვილი არ აქვთ, ითანამშრომლონ ნატოსთან, 1999 წლის კონფლიქტის შემდეგ. არსებობს ის ნაწილიც, რომელიც ნატოში ინტეგრაციას გმობს, მაგრამ დასავლური კურსის გაგრძელებას ემხრობა – ევროკავშირში ინტეგრაციის საშუალებით.6 შესაბამისად, საინტერესო იქნება საზოგადოების ამ ნაწილის რეაქციასა და შესაძლო ქმედებებზე დაკვირვება, თუ მონტენეგრო მიზანს მიაღწევს. რეალობა ნათელია – ქვეყანა გაჩერებას არ აპირებს.

მონტენეგრო და ნატო: რუსეთის პოზიცია

პრო-დასავლური პოლიტიკის გატარება აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით, ყოფილი იუგოსლავიის ფარგლებში, უყურადღებოდ არ დარჩებოდა რუსეთის მხრიდან. ფაქტი, რომ ნატო ფართოვდება, რუსეთისთვის  საფრთხედ აღიქმება. რუს მაღალჩინოსნებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ნატოს საზღვრების მოახლოება რუსულ საზღვრებთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ნატო-რუსეთის საბჭო დღემდე ჩიხშია შესული. ამას ემატება ბოლოდროინდელი კრიზისი უკრაინაში და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. შედეგად, ნატო-რუსეთის ურთიერთობა სტაბილურად დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს.

რატომ ეწინააღმდეგება რუსეთი მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებას? რამდენიმე მიზეზი შეგვიძლია გამოვყოთ:

ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით

რუსეთმა არაერთხელ დააფიქსირა თავისი ნეგატიური პოზიცია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასთან დაკავშირებით და გაჟღერდა ასეთი განცხადებაც, რომ ეს პროცესი ახალი „ცივი ომის“ საწყისი ეტაპი იქნება.

ეკონომიკური ვარდნა

დასავლურმა კურსმა გამოიწვია ისიც, რომ რუსული ინვესტიციები, რომლებიც 2012 წლის მონაცემებით მონტენეგროს ეკონომიკური სარგებლის 32%-ს წარმოადგენდა, საგრძნობლად დაეცა. 2016 წლის პირველ კვარტალში, მონტენეგროს ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რუსეთმა 22 მლნ ევრო დაკარგა.7[4] შესაბამისად, დასავლეთისკენ სწრაფვის კვალდაკვალ, რუსეთზე დამოკიდებულება იკლებს – როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად.

პოლიტიკური გავლენა

მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგროში ერთ-ერთი წამყვანი პარტია პრო-რუსულია და საზოგადოების ნაწილიც მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას, მთავრობის მტკიცე პოზიციის შედეგად, მონტენეგროს აქვს შანსი გახდეს მესამე ქვეყანა (სლოვენიასთან და ხორვატიასთან ერთად) ყოფილი იუგოსლავიიდან, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება. ეს კი რუსულ გავლენას რეგიონში კიდევ უფრო შეარყევს და საერთაშორისო სისტემაში რუსეთის გავლენის სფეროებს შეავიწროვებს. რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია ამ პროცესს მხარს არ დაუჭერს.

მიუხედავად რუსეთის გაფრთხილებებისა, 2016 წლის 3 ნოემბერს ნატოს წარმომადგენელმა, როზა გოტემოელერმა განაცხადა, რომ ქვეყნის გაწევრიანების პროცესი სტაბილურად მიმდინარეობს და დადებითი შედეგი, სავარაუდოდ, 2017 წლის გაზაფხულზე დადგება.8[5]

მონტენეგრო და საქართველო ნატოს გზაზე

როგორც ზემოთ აღინიშნა, ნატოს გაფართოების პოლიტიკა მხოლოდ მონტენეგრო არ მოიცავს. ერთ-ერთი აქტიური პარტნიორი ალიანსისთვის არის საქართველო, რომელიც 1994 წელს შეუერთდა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამას და მას შემდეგ აქტიურად ცდილობს ნატოში გაწევრიანებას. ქვეყანა მონაწილეობას იღებს ნატოს მისიებში და ჰყავს ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტი პარტნიორი ქვეყნებიდან. საქართველო ბიუჯეტის 2,3%-ს ხარჯავს სამხედრო სფეროზე.9 ამ თანხის ნაწილი ხმარდება უშუალოდ ნატოს ფორმატში სამხედროების წვრთნას და იმ სტანდარტების დანერგვას, რაც სავალდებულოა გაწევრიანებისთვის. 10

ჯერჯერობით, საქართველო რჩება ერთგულ პარტნიორად ნატოსთვის და წევრობის გარანტიებიც არ არსებობს. საინტერესოა, რატომ არის მონტენეგრო უფრო წარმატებული ამ გზაზე. ავტორის აზრით, არსებობს რამდენიმე მიზეზი:

  • 2008 წლის ომმა საქართველოში და თვითაღიარებულმა ავტონომიებმა ქვეყნის შიგნით დაანახა მსოფლიოს და ნატოს, რომ მიუხედავად ეკონომიკური და ინსტიტუციონალური წარმატებისა, რეგიონულ პოლიტიკას დიდი გავლენა აქვს ქვეყნის ცხოვრებაზე. არსებობს მოსაზრება, რომ სტაბილურობის არარსებობა არის მთავარი მიზეზი, რომ ალიანსში გაწევრიანების პროცესი იწელება.
  • ორი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის მოკლე ანალიზი შეძლებისდაგვარად ხსნის მონტენეგროს წარმატებას: საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ზოლია რეგიონში, მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა. შესაბამისად, რუსულ მხარეს არ სურს, დათმოს გავლენა სამხრეთ კავკასიის ცენტრში. მონტენეგრო კი არც რუსეთის უშუალო მეზობელია, არც დიდი მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ წერტილს წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი მოსახლეობა და სამხედრო პოტენციალი საქართველოსას საგრძნობლად ჩამოუვარდება. თუმცაღა, ბალკანეთის რეგიონული პოლიტიკისთვის, მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება დასავლეთის მიმართულებით.

საქართველო აგრძელებს ნატოსკენ სწრაფვას და ალიანსის მხრიდან ქვეყნის შიგნით გატარებულ რეფორმებზე და საერთაშორისო მისიებში კონტრიბუციაზე პოზიტიურ შეფასებებსა და სამომავლო წევრობის შესახებ დაპირებებს იღებს. საინტერესოა, როგორ განვითარდება პროცესები მომავალში.

დასკვნა

მონტენეგროს გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კვლავაც აქტუალურ საკითხად რჩება. ერთ მხარეს არიან ალიანსი და მონტენეგროს მთავრობა მოსახლეობის ნაწილითურთ, რომელთაც სჯერათ ნატოს წარმატებისა რეგიონში, მეორე მხარეს კი რუსეთი და პრო-რუსული სუბიექტები, რომლებიც გმობენ ნატოს მიზნებს მონტენეგროსთან მიმართებით. ავტორი ეცადა, გაეანალიზებინა მონტენეგროს გაწევრიანების მიღმა მყოფი საკითხები, როგორიცაა ნატო-რუსეთის ურთიერთობა, ბალკანეთის როლი დასავლური სამყაროსთვის. გამოიკვეთა ისიც, რომ სამხედრო სარგებელზე მეტად, მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანება უფრო გეოპოლიტიკურ ასპექტში განიხილება. აგრეთვე, შედარებითი ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ნატოს სხვა პარტნიორის, საქართველოს, გაწევრიანების გზაზე მყოფი ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორები. ნაშრომმა აჩვენა, რომ არსებობს ორმხრივი მზაობა და დასრულდება თუ არა მონტენეგროს გაწევრიანების პროცესი სრულუფლებიანი წევრობით, ამას დრო გვიჩვენებს.

გამოყენებული წყაროები:

ავტორი: გიორგი შაკაია

[1] NATO’s relations with Montenegro

NATO’s Relations with Montenegro

3 Estonia on Montenegro

4 US senate on Montenegro

Damar

6 Balkanlist

Montenegro Central Bank

Voanews-Russian objection

9 world bank – military expenditure

10 NATOS relations with Georgia