E ISSN 2587-5396

09/06/2016 By yatage

კოსოვოს კონფლიქტი

12

კოსოვოს რესპუბლიკა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს და მისი დამოუკიდებლობა გაეროს 106 ქვეყნის მიერაა აღიარებული. მიუხედავად ამისა მისი სტატუსი დღემდე საკამათოა. დღეს დღეისობით ბრიუსელის შეთანხმების საფუძველზე კოსოვოს ხელისუფლება აკონტროლებს ქვეყანას და გაუქმებულია სერბეთის ავტონომია, თუმცა დამოუკიდებლობამდე კოსოვომ დიდი გზა განვლო.

შიდა ეთნიკური დაძაბულობა კოსოვოში 1980-იან წლებში დაიწყო, 1989 წელს კი ვითარება მკვეთრად გაუარესდა, როდესაც მილოშევიჩმა სხვადასხვა გზებით კოსოვოს სპეციალური ავტონომიის სტატუსი შეუჩერა და დაიწყო ეთნიკური ალბანელების კულტურული შევიწროება. იმავე წელს კოსოვოს ალბანელებმა იბრაჰიმ რუგოვას ხელმძღვანელობით დაიწყეს არაძალადობრივი სეპარატისტული მოძრაობები და დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნა.

1990 წელს კოსოვო რესპუბლიკად გამოცხადდა იუგოსლავიის შემადგენლობაში, 1991 წელს მიღებული იქნა კონსტიტუცია, 1992 წელს კოსოვო დამოუკიდებლად გამოცხადდა, თუმცა აღიარება მხოლოდ ალბანეთისგან მიიღო.

რუგოვას რადიკალი ოპონენტები თვლიდნენ, რომ მათი მოთხოვნები მშვიდობიანი გზით დაცული არ იქნებოდა, სწორედ ამიტომ 1996 წელს კოსოვოს განმანთავისუფლებელმა არმიამ და ეთნიკური ალბანელების პარტიზანულმა ჯგუფებმა ჩაანაცვლეს არაძალადობრივი მოძრაობები და სერბეთ-იუგოსლავიის შეიარაღებული  ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს.

1998 წლისთვის კოსოვოს განმანთავისუფლებელი არმიის ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც შეიარაღებული აჯანყება. სერბულმა და იუგოსლავიურმა ძალებმა სცადეს რეგიონზე კონტროლის აღდგენა. ეს პერიოდი ცნობილია განვითარებული კონფლიქტის სტადიით, სადაც ფიქსირდება ძალადობის გამოყენების უამრავი ფაქტი. ომმა ყველაზე მეტად მკვიდრი მოსახლეობა დააზარალა. ამ დროისათვის უამრავი დევნილი ტოვებს კოსოვოს. ოფიციალური მონაცემებით მილიონამდე ალბანელს მოუწია ქვეყნის დატოვება.

კოსოვოს კონფლიქტის მიმდინარეობა მედიის მიერ აქტიურად შუქდებოდა, რამაც საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების არაფორმალურმა კოალიციამ, რომელშიც შედიოდა აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და რუსეთი წამოაყენა მოთხოვნა, რომლის შემადგენელი პუნქტებიც იყო: კოსოვოში ცეცხლის შეწყვეტა, სერბულ-იუგოსლავიური ჯარების გამოყვანა კონფლიქტური ზონიდან, ლტოლვილთა დაბრუნება და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი მუშაობა.

მილოშევიჩმა, რომელიც 1997 წლიდან უკვე იუგოსლავიას ედგა სათავეში ვერ განახორციელა ყველა მოთხოვნა. კოსოვოს განმანთავისუფლებელი არმია “განიარაღების” პერიოდში ხელახლა შეჯგუფდა, შეიარაღდა და განაახლეს შეტევები. სერბულმა და იუგოსლავიურმა ძალებმა ამას მძლავრი, დაუნდობელი შეტევითვე. გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭომ დაგმო ძალის გადაჭარბებით გამოყენება და დააწესა ემბარგო, თუმცა ძალადობრივი ქმედებები მაინც გაგრძელდა.

1999 წლის თებერვალში, საფრანგეთში, დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა მომდევნო თვეში ჩაიშალა. 24 მარტს ნატო-მ სერბული სამხედრო ნაწილების საჰაერო დაბომბვა დაიწყო. საპასუხოდ იუგოსლავიამ და სერბეთმა განდევნა კოსოვოს ალბანელი მოსახლეობა, რასაც მოყვა მასობრივი გადაადგილება ალბანეთში, მაკედონიასა და მონტენეგროში

ნატო-ს სამხედრო ჩარევა 11 კვირა გაგრძელდა და ბელგრადამდე მიაღწია. ივნისში ნატო-მ და იუგოსლავიამ ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას რომელიც მიზნად ისახავდა ჯარების გაყვანასა და ლტოლვილი ალბანელების დაბრუნებას. ამის შემდეგ  სერბების უმეტესობამ რეგიონი დატოვა. კოსოვოში განლაგებული იქნა გაერთიანებული ერების სამშვიდობო ძალები და ის ოფიციალურად დაექვემდებარა მის ადმინისტრაციას.

2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამდე მოლაპარაკებების დროს ალბანეთი და სერბეთი თავიანთ მოთხოვნებს აყენებდნენ. ალბანეთის აზრით კოსოვო აუცილებლად უდნა გამოყოფილიყო ცალკე სახელმწიფოდ, რადგან მხოლოდ ამ გზით აღიკვეთებოდა ძალადობა (რომელსაც მილოჩევიჩის მმართველობის დროს გენოციდის სახე ჰქონდა), ხოლო სერბები კოსოვოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგები იყვნენ და მას ავტონომიის ფარგლებში ეროვნულ სუვერენიტეტს სთავაზობდნენ. ისინი რეგიონს თავიანთ მთლიანობად მიიჩნევდნენ და მის გამოყოფას ბალკანეთის დესტაბილიზაციის დასაწყისად აღიქვამდნენ.

2008 წელს კოსოვომ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა. მისი დამოუკიდებლომა ცნო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროსაბჭოს გავლენიანმა წევრებმა, თუმცა არა სერბეთმა. დღეისთვის კოსოვო სუვერენულ სახელმწიფოდ 106 ქვეყნის მიერაა აღიარებული

კონფლიქტში გადაიკვეთა ორი ინტერესი- სერბეთის და ალბანეთის. კოსოვო ქრისტიანული სერბეთის შემადგენლობაში იყო მისი მოსახლეობას კი ძირითადად მუსლიმი ალბანელები (87%) შეადგენდნენ. დაპირისპირებამ გაეროს გარდა მიიპყრო აშშ-ს, რუსეთისა და ევროკავშირის ყურადღება. აშშ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცდილობდა გავლენის სფეროების გაფართოებას. რუსეთი, რომელიც გაძლიერებას ცდილობდა მხარს სერბეთს უჭერდა და მოითხოვდა საერთაშორისო პრინციპების დაცვას. ევროკავშირის მთავარი მიზანი კი კონფლიქტის რეგულირება იყო, ამიტომ ორივე მხარესთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.

ალბანელები კოსოვოში მიმდინარე მოვლენებს უნიკალურ მოვლენად მიიჩნევდნენ, თუმცა ის მაინც შეიძლება აღმოჩნდეს ცუდი მაგალითი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ავტონომიურ რესპუბლიკებთან აქვთ პრობლემა. კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი სახელმწიფო, მათ შორის არც საბერძნეთი და ესპანეთი, რომლებსაც საკუთარი ტერიტორიული პრობლემები აქვთ და არ უნდათ კოსოვოს შემთხვევამ ევროპაში საზღვრების ცვლილების პრეცედენტი დაამკვიდროს. ამავე მიზეზით არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას საქართველოც.

ავტორი: ლევან თეთრაული