E ISSN 2587-5396

29/03/2016 By yatage

ნატო-ს როლი მშვიდობის უზრუნველყოფაში – კოსოვო

5ბრიუსელის შეთანხმების საფუძველზე დღეისათვის  კოსოვოს მთავრობა მთლიანად აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიას და  სერბეთის ავტონომია გაუქმებულია. ამავე შეთანხმების საფუძველზე სერბეთმა კოსოვო აღიარა, როგორც ავტონომია  და არა სახელმწიფოდ.

შიდა ეთნიკური დაძაბულობა კოსოვოში 1980-იან წლებში გამწვავდა.ამ პერიოდში აქტიურდება კონფლიქტის ლატენტური (გამოუმჟღავნებელი, ფარული) სტადია. 1989 წელს სხვადასხვა გზებით მილოშევიჩმა კოსოვოს სპეციალური ავტონომიური სტატუსი შეუჩერა და დაიწყო ეთნიკური ალბანელების კულტურული შევიწროება. გამოიკვეთა ეთნოპოლიტიკური კონფლიქტის ტერიტორია.

კოსოვოს ალბანელებმა დაიწყეს არაძალადობრივი სეპარატისტული მოძრაობები და სხვადასხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნა, რომელთა მიზანიც საბოლოოდ დამოუკიდებლობის მიღება იქნებოდა.  1990 წლის 2 ივლისს კოსოვომ იუგოსლავიის შემადგენლობაში თავი რესპუბლიკად გამოაცხადა, ხოლო 1991 წლის სექტემბერში მათ კონსტიტუციაც მიიღეს.

1992 წელს მან თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა და მხოლოდ ალბანეთისგან მიიღო აღიარება. 1995 წლის დეიტონის შეთანხმებამ ბოსნიის ომს ბოლო მოუღო. საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაურკვეველი იყო კოსოვოში მიმდინარე მოვლენები. 1996 წელს კოსოვოს განმათავისუფლებელმა არმიამ და ეთნიკურ ალბანელთა პარტიზანულმა ჯგუფმა  არაძალადობრივი მოძრაობები ჩაანაცვლეს და დაიწყეს წინააღმდეგობების გაწევა სერბეთისა და იუგოსლავიის შეიარაღებული ძალებისათვის.

1990 წლიდან მშვიდობიანი გამოყოფის მცდელობის ჩაშლისა და 1997-99 წლებში ალბანური შეიარაღებული ამბოხის შემდგომ ნატო-მ 78 დღიანი თავდასხმა განახორციელა იუგოსლავიაზე, რათა კოსოვოს ომი შეეჩერებინა.

ნატო-ს ძირითადი მიზნები კოსოვოში იყო:

  • კრიზისის მშვიდობიანი გზით დარეგულირება;
  • სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მეზობელ სახელმწიფოებში.

მალევე გაიმართა კონფერენცია და მომზადდა პროექტი, სადაც კოსოვოს ავტონომია უნდა განახლებულიყო და ნატო-ს სამშვიდობო ძალებს გაეკონტროლებინათ კონფლიქტის ზონა.

1999 წლის 24 მარტს და 10 ივნისს ნატო-ს ძალები იძულებული გახდნენ დაებომბათ იუგოსლავია, რათა მილოშევიჩის შეიარაღებული დაჯგუფებები კოსოვოდან გაეყვანათ. გაგრძელდა ალბანელ პარტიზანებსა და იუგოსლავიის ძალებს შორის შეტაკებები და, სამწუხაროდ, ამ ომის დროს ყველაზე მეტად რიგითი ადამიანები დაზარალდნენ. კონფლიქტის დროს დაახლოებით ერთი მილიონი ალბანელი წამოვიდა ან გამოაგდეს კოსოვოდან. 1991 წელს ზოგიერთი მონაცემებით 11 ათასი მოკლული დაფიქსირდა.  ივნისში მილოშევიჩმა დაუშვა უცხოური საჯარისო ნაწილების ყოფნის ნებართვა კოსოვოს ტერიტორიაზე და თავისი ჯარების გაყვანა ბრძანა.

1999 წლის მაისიდან მოყოლებული საერთაშორისო საზოგადოებამ უამრავი დანაშაული და ძალადობა დააფიქსირა იუგოსლავიისა და სერბეთის მეთაურობის მხრიდან, რომელიც შეფასდა ძალადობად კაცობრიობის წინაშე. 2000 წლიდან კოსოვოს ომის შემდეგ გაეროს ძალებმა იკისრეს მმართველობით-ინსტიტუციური როლი.

2008 წლის 17 თებერვალს პარლამენტმა კოსოვოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მიიღო აღიარება რამდენიმე დამოუკიდებელი სახელწიფოსგან (საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა).

2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამდე მოლაპარაკებების პროცესში ალბანეთი და სერბეთი თავიანთ მოთხოვნებს აყენებდნენ კოსოვოს საკითხთან მიმართებაში. ალბანეთი აქტიურად უჭერდა მხარს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რადგან ეს მათი აზრით ერთადერთი გზა იყო კოსოვოელთა თვითგამორკვევისა და ძალადობის აღკვეთისათვის (რომელიც გენოციდის სახით ხდებოდა მილოშევიჩის დროს). კოსოვოს, როგორც კონფლიქტურ ტერიტორიას, განსაკუთრებულ შემთხვევად განიხილავდა და მას სერბეთის მიერ 1912 წელს დაპყრობილ ტერიტორიად მოიაზრებდა.

რაც შეეხება სერბეთს, იგი წინააღმდეგი იყო დამოუკიდებლობისა და ავტონომიის ფარგლებში კოსოვოს ეროვნულ სუვერენიტეტს სთავაზობდა. საინტერესოა კოსოვოს შემთხვევის უნიკალურობის საკითხი, რომელსაც ალბანეთი აღიარებდა, თუმცა სერბეთი მიიჩნევდა, რომ კოსოვოს შემთხვევა ბევრი სხვა შემთხვევის მსგავსია, ისეთების როგორებიცაა: ქურთისტანი, ქაშმირი, ბასკეთი, კვებეკი, ტაივანი, ტიბეტი, აფხაზეთი და ა.შ. ამ კონფლიქტში ევროკავშირი ცდილობდა ნეიტრალური როლი ეთამაშა რუსეთისა და აშშ-ს გეოპოლიტიკურ ბრძოლაში და გაეროს ძალების დახმარებით მოეგვარებინა კონფლიქტი და ალბანეთთან და სერბეთთან ჰქონოდა კარგი ურთიერთობა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ  კოსოვოში დაძაბული ვითარების მიმართ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამოკიდებულება ხასიათდება გარკვეული სირთულეებითა და წინააღმდეგობებით. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ პრობლემის არსებობამ განაპირობა ნატო-ში  დადებითი მიმართულებით ცვლილები, რადგანაც მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი საერთაშორისო ავტორიტეტი (გაეროს ავტორიტეტის დაცემის პარალელურად). კოსოვოში ნატო-ს მოქმედებამ დიდი გავლენა იქონია თანამედროვე საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების ახლებურად გააზრების საქმეში. ნატო-ს საშუალება მიეცა   ალიანსის ფარგლებს გარეთ განეხორციელებინა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომლის მთავარი მიზანიც ეთნიკური წმენდის თავიდან აცილება გახლდათ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დემოკრატიული ქვეყნების ალიანსმა სამართლიანობის აღდგენა და მორალური ფასეულობების დაცვის პრინციპები არსებულ საერთაშორისო ნორმებზე მაღლა დააყენა.

მაშინ, როცა ალიანსის ყოველგვარმა მცდელობამ, მშვიდობიანი გზით მოეგვარებინა კოსოვოში არსებული კონფლიქტები, არ მოიტანა რეალური შედეგი იუგოსლავიის ხელისუფლების არაკონსტიტუციური პოზიციის გამო, ნატო იძულებული გახდა განეხორციელებინა სამხედრო ოპერაცია სუვერენული სახელმწიფოს (იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის) წინააღმდეგ, რისი მიზეზიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კოსოვოელი ალბანელების მასშტაბური ეთნიკური წმენდა იყო.

საერთაშორისო სამართლის კუთხით ამ ოპერაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში მისი მუდმივი წევრები: რუსეთის ფედერაცია და ჩინეთი ეწინააღმდეგებოდნენ იუგოსლავიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების განხორციელებას, რამაც ალიანსი იძულებული გახადა სამხედრო კამპანია გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე ეწარმოებინა.

ნატო-ს გადაწყვეტილება სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ წარმოადგენდა ახალ ეტაპს ალიანსის 50-წლიან ისტორიაში. ალიანსის მხრიდან ამ გაბედულ ნაბიჯს თვისობრივი ცვლილებები შეჰქონდა არა მარტო ალიანსის კონცეფციაში, არამედ საერთაშორის სამართალშიც.

ნატო და მისი წევრი სახელმწიფოები მყარად აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიცია, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი არ უნდა იყოს იმუნიტეტი  კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩასადენად. ამგვარად, ნატო თავის მოქმედებაში საერთაშორისო სამართალზე მაღლა მორალურ საწყისს და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპს ანიჭებდა უპირატესობას.

 გამოყენებული ლიტერატურა:   

Britannica, T. E. (n.d.). Kosovo conflict.

NATO’s role in Kosovo. (2015, November 30)

NATO’s role in relation to the conflict in Kosovo. (1999, July 15).

ჩიტაძე, ნ. (2006). ნატო – ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი.

ავტორი: მანო გიორგაძე

რედაქტორი: თამუნა ჯიბუტი