E ISSN 2587-5396

09/03/2016 By yatage

საქართველოს როლი ISAF-ის მისიაში

3მას შემდეგ თითქმის თხუთმეტი წელი გავიდა, რაც 2001 წლის 20 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს  №1386 რეზოლუციის საფუძველზე  შეიქმნა ISAF-ი, NATO-ს უსაფრთხოების მისია ავღანეთში. მასში მონაწილეობისა და, შესაბამისად, ავღანეთში მშვიდობის დამყარების სურვილი გამოთქვეს NATO-ს არაწევრმა სახემლმწიფოებმაც. მათ შორის იყო საქართველოც.

2004 წელს  ქართულმა მხარემ გადაწყვიტა საკუთარი წვლილი შეეტანა გლობალური ხასიათის მისიაში. ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მე-16 სამთობატალიონის 50 სამხედრო მოსამსახურე 100 დღით გაიგზავნა გერმანული შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს როგორც სამხედრო, ასევე დიპლომატიური თვალსაზრისითაც. ეს იყო მკაფიო სიგნალი დასავლეთისადმი, რომ საქართველო გვერდში უდგას ევროპულ სახელმწიფოებს და თავს მათი ოჯახის ნაწილად მიიჩნევს. მეორე დიდი ნაბიჯი, რომელიც ISAF-ის მისიაში საქართველომ გადადგა, იყო ქაბულში დისლოცირებული  ფრანგული კონტიგენტის დასახმარებლად მე-2 ქვეითთა ბრიგადის გაგზავნა (დაქვემდებარება) 2009 წელს.

 ქართველ სამხედროთა  ავღანეთში “მოღვაწეობა“ ძირითადად ჰელმანდის პროვინციას უკავშირდება. ჩვენი ქვეყნის როლი აღნიშნულ რეგიონში მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2010 წლის აპრილში ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა 750 კაციანი შემადგენლობა აშშ-ს საზღვაო ქვეითებს შეუერთდა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

ქართულმა შეიარაღებულმა ძალების რაოდენობამ პიკს ავღანეთში 2012 წლის ოქტომბერში მიაღწია, როდესაც სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი წინა წლებთან შედარებით გაორმაგდა და 1571 გახდა. ავღანეთში დისლოცირებული სამხედრო ძალის რაოდენობის მიხედვით NATO-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის საქართველომ პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

ჩვენი შეიარაღებული ძალები მალევე მოექცნენ დასავლეთის ყურადღების ცენტრში: ”დიდად ვაფასებთ საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ჩვენს ოპერაციებში-წარსულსა და დღეს… ვაფასებთ ქართველ სამხედროთა პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს, პატივს ვცემთ მათ თავგანწირვას“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა NATO-საქართველოს თავდაცვის  სამინისტროს კომიტეტის შეხვედრაზე. გზების კონტროლი, ავღანელ სამხედროებთან ერთად პატრულირება და  ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა ქართველი სამხედროების ყოველდღიური ყოფის ნაწილი გახდა. ასე გრძელდებოდა 2014 წლის 15 ივნისამდე. ამ დღეს ლეზერნეკის სამხედრო ბაზაზე (ჰელმანდის პროვინცია) დაეშვა საქართველოს დროშა, დასრულდა ქართველ სამხედროთა 4  წლიანი ბრძოლა რეგიონში. თუმცა ეს არ ნიშნავდა გლობალური ხასიათის  მისიისგან ჩვენი ქვეყნის სრულ იზოლაციას. 50 სამხედრო ქაბულში, ხოლო  სპეციალური სამთო ბატალიონი ყანდაარში მშვიდობის დასაცავად დარჩა.

სამწუხაროდ, იყო მსხვერპლიც. მისიის განმავლობაში მთლიანობაში დაიჭრა 435, გარდაიცვალა 31. 2010 წლის 5 სექტემბერს პირველი ტრაგდია დატრიალდა, თვითნაკეთმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ შეიწირა 28 წლის ლეიტენანტი მუხრან შუკვანი. თითქმის ერთი თვის შემდეგ, 30 სექტემბერს, ნაღმმა ოთხი ქართველის სიცოცხლე იმსხვერპლა.

2011 წელი:

  • 21 თებერვალი-კაპრალი გიორგი ავალიანი;
  • 5 მარტი – კაპრალი გიორგი ვერსკიანი;
  • 24 მაისი – უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიძე; 1
  • 8 ივნისი – რიგითი გია გოგუაძე;
  • 28 აგვისტო – უმცროსი სერჟანტი რეზო ბერიძე;
  • 30 დეკემბერი – კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი…

ეს იმ ქართველ გმირთა  არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც უცხო მიწაზე მშვიდობის დაცვას შესწირეს თავი. 2014 წელს იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ქართველ სამხედროთა 750 კაციანი შემადგენლობა განაგრძობდა NATO-ს არასაბრძოლო მისიაში მონაწილეობას ავღანეთში. ერთი ასეული შეუეერთდებოდა მაზარ-ი-შარიფში დისლოცირებულ გერმანულ კონტიგენტს, ხოლო დარჩენილ სამხედროთა ნაწილი გაიგზავნებოდა ბაგრამის ავიაბაზაზე ამერიკელთა მხარდასაჭერად.

მიუხედავად სიძნელეებისა, რომლებიც ISAF-ში საქართველოს მონაწილეობას უკავშირდებოდა, თამამად შეგვიძლია  დავასკვნათ, რომ აღნიშნულ მისიაში მონაწილეობის შემდეგ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდა დასავლურ სივრცეს და გაუჩნდა უფრო რეალური შანსი NATO-ს წევრობისა. 2008 წლის ბუქარესტის სამიტი ამის ნათელი მაგალითია. ალიანსის წევრი სახელმწიფოთა ლიდერები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი. ამ და სხვა გარემოებებზე დაყრდნობით არსებობს რეალური მიზეზი ჩვენი ქვეყნის დასვლური ორიენტაციის შენარჩუნებისა.

გამოყენებული ლიტერატურა:

http://civil.ge/eng/article.php?id=28590

http://civil.ge/eng/article.php?id=27498

http://www.nato.int/cps/en/natolive/topics_38988.htm

http://civil.ge/eng/article.php?id=26142

http://www.civil.ge/eng/article.php?id=25465

ავტორი: გიო ხაჭვანი

რედაქტორი: თამუნა ბუაჩიძე